მიხეილ სააკაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

„ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ საქართველოს ამბებით არ დავინტერესებულიყავი, მე ვბრუნდები“ –მიმართვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სააკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ახლა, წლების შემდეგ იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. ამასთან, ის მადლობას უხდის უკრაინას მისი უპირობოდ მიღებისთვის.

აღნიშნულ მიმართვას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.

მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის სინანულის არ სჯერათ. საპარლამენტო უმრავლესობაში მის მიმართვას სატელევიზიო დრამა უწოდეს. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება ელოდება.

განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამომრჩეველი მართებულად მიიღებს მის მიმართვას. ექს-პრეზიდენტის ბოდიში მისაღებია გურამ ჩალაგაშვილისთვის. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის აქტივობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისთვის დამაზიანებელია.