მიხეილ სააკაშვილის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა პარტიები, არამედ პოლიტიკური პროექტებია, თავიანთი ინვესტორებითა და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან. მისივე თქმით, როდესაც ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, სწორედ ის ერთი დააფინანსონ და არა ახალი პროექტები. სააკაშვილი წერს: „ჩემს მოწოდებას პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა, რომ მზად არიან, ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ქართულ პოლიტიკაში – ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, თავისი იდეოლოგიითა და grassroot ბაზით, რამდენადაც პოლიტპროექტები, თავიანთი ინვესტორებითა და მოლაპარაკე თავებით. ინვესტორები ამ ჯგუფებს მიიჩნევენ თავიანთ პირად საკუთრებად და ხშირად მოიაზრებენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებად და თეორიულად სავაჭრო საგნად. შესაბამისად, ისინი არიან გაერთიანების წინააღმდეგ. ამავე დროს ამ პოლიტიკურ პროექტებში არის ბევრი კარგი, ქმედითი ადამიანი“ – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.