მიხეილ სააკაშვილის დაკავება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში აღარ არის. ის პოლონეთში დააბრუნეს.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიევის რესტორან სულუგუნში მოხდა, საიდანაც უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპრეზიდენტი პირდაპირ ბორისპოლის აეროპორტში წაიყვანეს. სწორედ პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შევიდა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ხუთი თვის წინ უკრაინის ტერიტორიაზე.

სააკაშვილის დაკავებას წინ უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უძღოდა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში კანონიერად ყოფნის უფლება ვერ მოიპოვა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ერთი საათის წინ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში წერს, რომ დაკავების დროს სააკაშვილის გარემოცვიდან უცნობი პირები სამართალდამცავებს თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მესაზღვრეები იძულებულები გახდნენ, თავი დაეცვათ.