მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საქმის პროკურორის განცხადებით მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა.

სასამართლოს დღევანდელ დახურულ სხდომაზე დაზარალებული მხარე ზაზა სარალიძე დაიკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ სარალიძეს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია.

მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობით, მას არ მიეცა დღევანდელ სხდომაზე დასწრების საშუალება. ასევე, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დაცვის მხარეს ჰქონდა მცდელობა, პროცესის პოლიტიზირება მომხდარიყო და კითხვებიც სწორედ ამ მიმართულებით იყო დასმული სარალიძის მიმართ. ლონდარიძის თქმით, კითხვები ეხებოდა საპროტესტო აქციებსა და სარალიძის „ფეისბუქ“ სტატუსებს.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი მიიჩნევს, კალანდიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება.