მიხეილ გიორგაძე თანამდებობას ტოვებს

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, ის კერძო სექტორში ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ გიორგაძემ პირველად „ფეისბუქზე“ გაავრცელა, შემდეგ კი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი პოსტიდან წასვლა არცერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.

კომენტარი გააკეთა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმაც. მისი თქმით, გიორგაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით მას უკვე მიმართა. მინისტრმა გიორგაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კითხვაზე, ვინ შეცვლის მიხეილ გიორგაძეს, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს. მისი თქმით, კულტურის სფეროს სჭირდება რეფორმირება, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების ჩართულობას.