„მიგრანტთა პაქტის“ განხილვა მოქალაქეებთან

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია საქართველოს ხელისუფლებას გაეროს „მიგრანტთა პაქტზე“ ხელმოწერის გამო აკრიტიკებს და შეთანხმებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს.

პაქტის შესახებ ბაღათურია მოქალაქეებს დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ელაპარაკა. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მუხლებზე, რომლებითაც ბაღათურიას თქმით, საქართველოში იგეგმება აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების ჩამოსახლება და მათი უზრუნველყოფა პირადობის მოწმობებითა და სამუშაო ადგილებით. „ქართული დასის“ ლიდერი მიგრანტების ჩამოსახლების შემთხვევაში, მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის საშიშროებაზეც საუბრობს.

ჯონდი ბაღათურია უახლოეს დღეებში თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის წინ  საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.