ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკა კიდევ უფრო მკაცრდება. კანონში უკვე შესული ცვლილებების შემდეგ იწყება მეორე ეტაპი – არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ამოქმედდება ახალი მექანიზმები, რომლებმაც ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის საშუალებები უნდა აღმოფხვრას. კერძოდ, ცვლილებები შედის სასწავლო ბინადრობების გაცემის წესში, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი რეგულაციები დაწესდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაბამის ნებართვას არა სწავლისთვის, არამედ საქართველოში ყოფნის გახანგრძლივებისთვის იყენებენ. ხელისუფლება მსგავსი შემთხვევების სტატისტიკის გახშირებაზე მიუთითებს. დამატებით შემოწმებას გაივლიან ის პირებიც, რომლებიც ქვეყანაში დასარჩენად და ბინადრობის მუდმივი საბუთის მოსაპოვებლად ფიქციურ ქორწინებას მიმართავენ. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ბინადრობის უვადო საბუთი უცხოეთის 30 000-მდე მოქალაქეს აქვს. კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას არალეგალურად მყოფი უცხოეთის მოქალაქეების გაძევების პროცედურა უძღოდა, ცოტა ხნის წინ კი შრომითი მიგრაციის წესებიც შეიცვალა.
მანანა დევაძე არკვევდა, რა შეზღუდვები წესდება და რა წესები იმოქმედებს საქართველოში ცხოვრების კანონიერი უფლების მისაღებად.