მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე. მათ შორის არიან – ინდოეთისა და ნეპალის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.