მიდის თუ არა სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს, პარტიის მხარდამჭერებს შორის უთანხმოების საგანი ხდება.

პარტიის ლიდერთა ნაწილი, მესამე პრეზიდენტის პოლიტიკისგან გამიჯვნის თემას ადვოკატების სტრატეგიად მიიჩნევს. ისმის კითხვა, ნამდვილად ასრულებს ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუ ამ გზით ცდილობს მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გაურკვევლობას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავად მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია. მის დაფუძნებულ პარტიაში კი აქცენტს ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ახლა მთავარი მიხელ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.

მმართველ გუნდში ოპონენტებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეებს ახსენებენ და აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, წავა თუ არა მესამე პრეზიდენტი პოლიტიკიდან, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება ვერ მოხდება.