მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ეპისკოპოსებთან და საეკლესიო დასთან ერთად, დიდი პანაშვიდი გადაიხადა. საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, მიცვალებულთა მოხსენიების დღე, ყოველ წელს, აღდგომიდან მეცხრე დღე, წმინდა თომას კვირის სამშაბათია. პანაშვიდის შესრულების შემდეგ, მეუფე შიომ შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და კიდევ ერთხელ მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მან ქადაგებისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად წელს, ამ დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოხსენიება ხდება. მეუფემ გაიხსენა, რომ უწმინდესის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება იყო მიცვალებულთა მიმართ მოწიწება და პატივისცემა, რასაც ყველას ასწავლიდა.