მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივების განცხადებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიძგები 28 მარტის დიდი მიწისძვრის შემდეგ. მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სტიქიას საერთო ჯამში 1 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 3 400-მდე დაშავდა, 300-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. მიანმარში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, ქალაქ მანდალაიში მრავალსართულიან შენობაში 29 ადამიანი გადაარჩინეს. მაშველები ადამიანებს დანგრეული სასტუმროების, სკოლების, მეჩეთების, მონასტრების და სახლების ტერიტორიაზე ეძებენ.
მიანმარში 7.7 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი, 80-ზე მეტი მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ბანგკოკში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა და ნანგრევებში ათობით მუშა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.