მეწყრული პროცესი ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუეთში მეწყრული პროცესი განვითარდა, სადაც ბზარები სახნავ-სათეს მიწებზე, საცხოვრებელ სახლებსა და გზაზე გაჩნდა. მეწყრულმა პროცესმა ხუთი ოჯახი დააზარალა, მათ სახლები დატოვეს და საცხოვრებლად ნათესავებთან გადავიდნენ. ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესი პირველად დაახლოებით ორი თვის წინ შენიშნეს, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა კი ბზარები გაზარდა, რის გამოც სახლების დაცლის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენთან ინტერვიუში ადგილობრივები ყვებიან, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები და სწორედ მათ ურჩიეს მოსახლეობას დაეტოვებინათ ავარიული სახლები. ჩვენ დავუკავშირდით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მედიასთან კომენტარს – გეოლოგების დასკვნის შემდეგ გააკეთებს.