მეწყრული პროცესები მაჭავარიანის ქუჩაზე

თბილისის მეწყერსაშიშ ზონაში მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე მაღალია. ამიტომ კვლევების პარალელურად, ვაშლიჯვრის ფერდობზე მონიტორინგის დამატებითი სისტემები დამონტაჟდება. ტერიტორიის დათვალიერების და შესწავლის შემდეგ გერმანელი გეოლოგ-ინჟინრები ადგილზე კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას და პირველ ეტაპზე ტერიტორიის გამაგრებას მიიჩნევენ საჭიროდ. უცხოელი ექსპერტების მოკვლევის შედეგები კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი, მანამდე კი სპეციალისტებმა თბილისის მერიას უკვე გააცნეს წინასწარი რეკომენდაციები. პარალელურად დამოუკიდებელ მონიტორინგს აწარმოებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფიც, რომელიც მეწყრული მასის დაძვრის და მეწყრული პროცესების გააქტიურების პრევენციისთვის მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.