ათი დანგრეული სახლი, დაზიანებული ნაგებობები და საკარმიდამო მიწები, ევაკუირებული ოჯახები და მიწის მასით დაფარული 58 ჰექტარი ტერიტორია – ტყიბულის რაიონის სოფელი კურსები სტიქიის ეპიცენტრია.
დღეს დილით ჩამოწოლილმა მეწყერმა მძიმე შედეგები გამოიწვია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. დასახლებიდან 40 ოჯახი უკვე გაყვანილია. ამ წუთებში ადგილზე გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ისინი სტიქიური პროცესების განმეორების საფრთხეებს სწავლობენ და სტიქიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ. სპეციალისტების პირველადი დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი. მეწყრულმა მასებმა დააზიანა ტყიბული-ქუთაისის დამაკავშირებელი გზაც, რის გამოც მითითებული საგზაო მონაკვეთი ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. მეწყერსაშიშ ზონაში ამ მომენტისთვის ადგილობრივებიდან არავინ რჩება. სტიქიას წინ ძლიერი ნალექი უძღოდა. როგორც ადგილობრივებისგან ირკვევა, ეს კურსებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების პირველი შემთხვევაა. თუმცა, არსებობს გეოლოგების დასკვნა, რომლის მიხედვით დასახლების ნაწილი ბოლო წლებში რისკის შემცველ ზონად იყო შეფასებული და ხუთი ოჯახი გასახლებული იყო.
შეიძლებოდა თუ არა სტიქიის წინასწარ პროგნოზირება და რა დახმარებას მიიღებენ დაზარალებულები – „მოამბე“ სტიქიის ზონიდან.