მეწყერი ტყიბულის მუნიციპალიტეტში
ვითარება უცვლელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. დამეწყრილ სოფელში, ნალექის მიუხედავად, მეწყრული ზონა არ გაფართოებულა. ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს. მეწყრის ჩამოწოლის გამო კვლავ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა და ავტომანქანები შემოვლითი გზით სარგებლობენ. მეწყრული პროცესი სოფელ კურსებში 12 მარტს, გამთენიისას დაიწყო – დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა ათეულობით ნაგებობა და დაიმეწყრა 60 ჰექტრამდე ტერიტორია. სტიქიის ზონიდან სასტუმროებში 45 ოჯახია გაყვანილი. დღეს სოფელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ.
მეწყრულ ზონაში მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და „ზენობნის“ მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია, კარიბჭე და გალავანი მდებარეობს, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. სპეციალისტებმა ძეგლები დაათვალიერეს და განაცხადეს, რომ ეკლესიები დაზიანებული არ არის. მას შემდეგ, რაც მეწყრული პროცესები დასტაბილურდება, შესაბამისი დარგის სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან, კერძოდ, მოხდება მათი სკანირება და ძველ მონაცემებთან შედარება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფელ კურსების მოსახლეობას უკვე აღუდგინეს პირადობის მოწმობები და სხვა საბუთები.