მეწყერი თელავის მუნიციპალიტეტში

მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე ლოკაციაზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, კავკასიონის ქედის მხარეს. სტიქიის გამო, სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგილია. მეწყრული პროცესის გააქტიურება უხვ ნალექს უკავშირდება.

ჩამოშლილია რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა. სტიქიის ზონაში სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა და ვითარებას გაეცნო კახეთის გუბერნატორი. ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს მდინარეზე, წყლის დონის კლებისთანავე დაიწყებს.