მეუფე იაკობის განცხადება

მეუფე იაკობის განცხადებებზე, სადაც ის პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში მთავრობის ყოფილ და მოქმედ მეთაურებს და სხვა მაღალჩინოსნებს ასახელებს, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს საპატრიარქოში.

როგორც ცნობილია, რამდენიმე მეუფე საპატრიარქოში შეკრებას და სპეციალური განცხადების გავრცელებას გეგმავს.

დღეს დილით ბოდბის ეპარქიაში არ გამოჩენილა და არც საკვირაო წირვა  ჩაუტარებია თავად ეპისკოპოს იაკობს. უცნობია, ელოდებიან თუ არა მას საპატრიარქოში.

საკვირაო წირვაზე არ გამოჩენილა არც კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორის ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, რომ უწმინდესი თავს შეუძლოდ გრძნობს, ის გაციებულია და რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

წირვაზე არ მისულა არც მიტროპოლიტი შიო. კომენტარი მომხდარზე მხოლოდ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. ის სასწრაფოდ სინოდის შეკრებას მოითხოვს და მეუფე იაკობის განცხადებებზე პასუხისმგებლობას კათოლიკოს-პატრიარქს და მის გარემოცვას აკისრებს.