მეტროსადგური „ვარკეთილი“ დროებით დაიკეტა
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება – განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით წყვეტს მუშაობას.
შესაბამისი პროექტის ფარგლებში უნდა გაიწმინდოს და დამუშავდეს ჭერის დაზიანებული ზედაპირები. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
მოცემულ პერიოდში, მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, პიკის საათებში სამწუთიანი ინტერვალით და მგზავრებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.