მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება – მას პარლამენტის უხუცესი წევრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი – ლადო კახაძე გახსნის. პირველი სხდომის გახსნის დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დეპუტატებს 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები ფიცს დადებენ და შესაბამის ფიცზე ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც პარლამენტი იქნება უფლებამოსილი, დაიწყოს საქმიანობა. ამის შემდეგ მოხდება ფრაქციების ფორმირება, უმრავლესობის ფრაქცია წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის, პირველი ვიცე-სპიკერის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რასაც შემდგომ დეპუტატების მხრიდან კენჭი ეყრება და შესაბამის თანამდებობზე წარდგენილ პირებს აირჩევენ.

პროცედურებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველი გუნდი კი საკანონმდებლო ორგანოში 89 მანდატით არის წარმოდგენილი. ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

თეონა მანაგაძე დეტალებით.