მესტიის კინოფესტივალი დასრულდა

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. გრანპრი მოიპოვა მაროკოელი რეჟისორის, იმად ბადის ფილმმა – „გაზაფხულის დღეები“. საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლატარია“ გახდა. საერთაშორისო ჟიურიმ მთის თემატიკის საუკეთესო ფილმის სტატუსი  – „K 2 და უხილავ მთამსვლელებს“ მიანიჭა.

მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა მიშა გომიაშვილი, ლალი კიკნაველიძის ფილმში „კახეთის მატარებელში“ განსახიერებული როლისთვის. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ხვდა წილად ფილმებს: „ოქროს წუთები“, „დიდი მანძილი“, „ჩრდილოეთის ქარი შეიძლება იყოს თბილი“, „ცხოვრება სამ ხმაში“ და „გაბნევა“. ფესტივალის აღმოჩენად – სპარტაკ ფარჯიანის „კარგი კაცი“ მიიჩნიეს. საუკეთესო მხატვრულ გადაწყვეტილებად დასახელდა ფილმი სახელწოდებით – „თანაარსებობა“.

ფესტივალი მესტიაში წელს პირველად ჩატარდა და 15-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ფესტივალის საკონკურსო ჩვენებებში 23 მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკაზე შექმნილი 7 ფილმი იყო წარდგენილი.