მეშახტეების პროტესტი

ტყიბულში საპროტესტო მუხტი არ ცხრება. მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მეშახტეები აქციებს ხვალიდან ისევ განაახლებენ. დასაქმებულები ითხოვენ სექტემბრის ხელფასს და გარანტიას, რომ შარშანდელი ტრაგედიის შემდეგ გაურკვეველი ვადით დახურულ შახტებში ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები ისევ განახლდება. თანამშრომლების პრეტენზიებს იზიარებენ მმართველ გუნდშიც. უფრო რადიკალურია პროფკავშირების გაერთიანება, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით ტყიბულში ახალი ინვესტორის შეყვანას ითხოვს. კრიზისული ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც დამსაქმებელმა ფინანსური პრობლემების არგუმენტით მეშახტეებს ხელფასის გაცემა შეუწყვიტა. საქნახშირის მენეჯმენტი გამოსავალს ეძებს – ხვალ პრობლემა, სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ.