მესამე ტალღის საფრთხე და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი 

კორონავირუსის გავრცელების მზარდი ტემპები უკვე აისახა ჰოსპიტალურ სექტორზე.

თბილისის ზოგიერთ წამყვან კლინიკაში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად აღარ არის. მკვეთრად შემცირებულია პირბადეების ტარების მაჩვენებელი, რომელიც ბოლო მონაცემებით 51%-ს შეადგენს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ამ მხრივ რეგიონებში. ზოგიერთ რაიონში ინფიცირების დღიური მაჩვენებლები რვაჯერ არის გაზრდილი. საყურადღებოა ვითარება ბათუმშიც, რომელიც მეორე ტალღის დროს ეპიდ-აფეთქების მთავარ კერად იქცა. ამ ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამის 80 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ინფექციის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, კვლავ დაბალია აცრის მსურველთა რაოდენობა. აცრის დღიური მონაცემი გეგმიურს სამჯერ ჩამორჩება.