მესამე სექტორი FARA-ს წინააღმდეგ 

ბოიკოტი 100-ზე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციიდან.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მესამე სექტორის წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ. ამერიკაში მოქმედი „ფარას“, იგივე უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ქართული ვერსია მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივად ცხადდება. საუბარია აშშ-ში 30-იანი წლებიდან მოქმედ აქტზე, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებს ვინაობის გასაჯაროებას და რეგისტრაციას ავალდებულებენ, ვალდებულებების შეუსრულებლობა ჯარიმებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მისი ქართულად თარგმნილი ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში დაანონსებულია გაზაფხულზე აქციების ფონზე მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის სიტყვასიტყვით თარგმნილი ვერსიაა და ის თვეების წინ მიღებულ კანონთან შედარებით ბევრად მკაცრ ფორმულირებებს შეიცავს. თუმცა ინიციატივის მოწინააღმდეგეები აშშ-ში მოქმედ და საქართველოში ინიცირებულ პროექტს შორის არაერთ განსხვავებაზე მიუთითებენ. კონტრბრალდებებთან ერთად ხელისუფლებას მესამე სექტორთან კითხვაც აქვს. მიზეზი სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის შინაარსია.