მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები და ოჯახი მსჯავრდებულის სამეიდიცინო გამოკვლევებში უცხოელი ექიმების ჩართვის უფლებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, მერაბიშვილის ოჯახი კვლევის შედეგებს და დიაგნოზს უკვე ორი თვეა ითხოვს. ადვოკატების შეფასებით, იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის განცხადებების მიუხედავად, – რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, – მსჯავრდებული უკვე მეხუთედ გაიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი დიაგნოზი.

მსჯავრდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კლინიკა „მედიქლაბში“ დღეს დილით გადაიყვანეს. კლინიკის ცნობით, ის თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება და უტარდება გამოკვლევევბი. მერაბიშვილის კიდევ ერთხელ კლინიკაში გადაყვანაზე პენიტენციური სამსახური გავრცელებულ განცხადებაში წერს რომ, მერაბიშვილის გადაყვანა მოხდა დამატებითი კვლევებისთვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატების ეჭვები ყოფილი პრემიერის ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით.