საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა - 87 

26 მაისის კიდევ ერთი დატვირთვა. სიმბოლურია, რომ დღეს ქვეყნის ეროვნული გმირის და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ცნობილ საზოგადო მოღვაწეს 87 წელი შეუსრულდებოდა. 2013 წლის 26 სექტემბერს მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მისი მთელი ცხოვრება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიეძღვნა. იყო არაერთხელ დაპატიმრებული და გადასახლებული. პირველად კი ციხეში ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრის გამო მოხვდა. იდევნებოდა წლების განმავლობაში, 1987 წელს კი 10-წლიანი პატიმრობიდან და გადასახლებიდან დაბრუნებულმა კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა განაგრძო. რეპრესიების ფონზე იყო არაერთი ანტისაბჭოთა აქციის და გაფიცვის ორგანიზატორი. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ეროვნული გმირის საფლავზე დღეს მისი მეგობრები და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. რამდენიმე თვის წინ ზანდუკელის პირველ ნომერში კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რესტავრაცია დასრულდა: სრულიად განახლებული შენობა არაერთ უნიკალურ ექსპონატს, მათ შორის ხელნაწერებს და პირად ნივთებს, ინახავს.