მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა - პოლიტიკური შეფასებები

შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს „ქართული ოცნების“ მორიგი ბრალდება.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების დასამხობად, „ლელოსთან “ და გახარიას გუნდთან ერთად ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად და ქვეყანაში ომის მეორე ფრონტის გასახსნელად ჩამოვიდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რა ინფორმაციას ეყრდნობა მსგავსი სცენარი. ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ომის დაწყებაზე უკრაინელი მაღალჩინოსნის, არესტოვიჩის ბოლოდრინდელი გზავნილები სახელდება. ბრალდების ადრესატები „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტული ფაქტების წარდგენას და სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ და დღევანდელ განცხადებებს იმ ხაზის გაგრძელებად მიიჩნევენ, რომელიც ხელისუფლებისგან დესტაბილიზაციაზე მუდმივ აპელირებას ეხება. დღეს ნახსენები სცენარი არადამაჯერებელია დანარჩენი ოპოზიციისთვისაც.