მეორე დღეა, სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები არ გამოჩენილან

მეორე დღეა, სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები არ გამოჩენილან. საოკუპაციო ხაზთან ისინი ბოლოს 22 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წინა დღეებში დამონტაჟებულ ბოძებზე რკინის მწვანე ღობეები გააკრეს. 7 აგვისტოდან დღემდე ოკუპანტებმა სოფელში 160-მდე ბოძი დაამონტაჟეს, რამაც საოკუპაციო ბარიერის სიგრძე 400 მეტრით გააგრძელა და 2 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთებიც მოიყოლა.

მცოცავი ოკუპაციის ახალი ტალღის დროს, არსებობდა საფრთხე, რომ გუგუტიანთკარის სარწყავი არხის სათავო ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ეს საშიშროება მოხსნილია. ამასთან, მოსახლეობა ფიქრობს, რომ თუ არსებული ტრაექტორიით ოკუპანტებმა უკანონო საზღვრის გავლება გააგრძელეს, სოფლის სასაფლაოს ერთი ნაწილი და ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ერთ კვირაში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე მთავარ თემად გუგუტიანთკარში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხის დაყენებას აპირებს.