მეორე ცდით ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა

გერმანიაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. მეორე მცდელობა ფრიდრიხ მერცისთვის წარმატებული აღმოჩნდა – ბუნდესტაგმა ქვეყნის კანცლერი აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია. თუმცა საათებით ადრე გამართულ პირველ კენჭისყრაზე მმართველი კოალიციის კანცლერობის კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა – მას ექვსი ხმა დააკლდა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმესაათიანი შეხვედრები და კონსულტაციები გახდა საჭირო. 69 წლის მერცი ვადამდელ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული კონსერვატორული ბლოკის ლიდერია. ბლოკში შემავალ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს მმართველი კოალიცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად აქვს შექმნილი – კოალიცია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს, თუმცა ფაქტია, რომ კანცლერის ასარჩევად ორი ტური გახდა საჭირო.