მემილიონე ტურისტი ქუთაისში

ისტორიული დღე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის – დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს უმასპინძლებს. ბორტი, რომელსაც ფრანკფურტიდან მემილიონე მგზავრი მოჰყვება, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გაფორმდა და აღიჭურვა. რეისის მგზავრებს ქუთაისში ჩამოსვლისას არაერთი სიურპრიზი და საჩუქარი ელით. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ კი, ბარგის გაცემის სივრცეში მგზავრებს დახვდებათ ღვინო და ქართული ნუგბარი. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი კი საგანგებოდ ამ პერფორმანსისთვის მრავალჟამიერს შეასრულებს. მემილიონე მგზავრს დაბრენდილი სპეციალური ჩემოდანი და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. აეროპორტის გარდა, საზეიმო ღონისძიებები მთელ ქალაქს მოიცავს. ცისფერყანწელთა ქუჩაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ინტეგრირებული აუდიო-გამოფენა ეკრანებითა და ყურსასმენებით, სადაც ნაჩვენები იქნება საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ვიდეორგოლი ქუთაისის აეროპორტის 70-წლიან ისტორიასთან დაკავშირებით. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სპეციალური ინსტალაციები და საბავშვო ვორქშოფები. საღამოს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასაზე, აეროპორტის ვეტერან თანამშრომლებს ავიაციის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელებითა და მედლებით დააჯილდოებენ.