მეხანძრე-მაშველების დაჯილდოება

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორციელებული სამაშველო ოპერაციისთვის, მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები – „მამაცობისთვის“ გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომლებმაც 29 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის წახალისდა.