„მეგობარი აქტის“ საპასუხო განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ახლა მოლოდინის რეჟიმშია, რა ნაბიჯები გადაიდგმება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტში მიღებულ განცხადებას ეხებოდა. ოპოზიცია ამ განცხადებას მტრულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთიდან არის მართული, რაც ამ განცხადების შინაარსმაც დაადასტურა.
საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის“ პასუხად, 11 გვერდისგან შემდგარი განცხადების პროექტი 87 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. პარლამენტი ცრუ ბრალდებად აფასებს იმ სამ ძირითად საკითხს, რომელსაც მეგობარი აქტი ეფუძნება, მათ შორისაა დემოკრატიის უკუსვლა, ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა და არასათანადო კავშირების დამყარება რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან.