„მეგობარი აქტის“ მომხრე 349 კონგრესმენი იყო, წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კანონპროექტი საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: „დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარი კონსტიტუციური მოთხოვნების მიხედვით; მეგობარი აქტი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხს და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“. აქტი გასულ წელს კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში მან კონგრესმენ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად პროექტი ხელახლა წარადგინა. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ის აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.