„მეგობარი აქტი“ კონგრესში ხელახლა წარადგინეს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა სამ კონგრესმენთან – სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა „მეგობარი აქტი“ . ჯო უილსონის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიმართულია საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ და ადასტურებს აშშ-ს ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, კერძოდ, რუსეთის.

„მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს. ის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში ან ლახავდნენ საქართველოს სუვერენიტეტს, დასანქცირდებიან. ინიციატივა ასევე მოითხოვს სრული ანგარიშის წარდგენას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ „MEGOBARI აქტი“ არის აშშ-ის წამყვანი ინიციატივა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, დაუახლოვოს საქართველო ირანის რეჟიმს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და რუსეთს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი სრულად არის შეთანხმებული წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, ასევე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებთან და მოსალოდნელია, რომ მისი დამტკიცება მალე მოხდება.