მედვედევის მუქარა - გამოხმაურება

დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც საქართველო „არ არსებულ“ სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული. მოგვიანებით კი კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევს გვერდი გაუტეხეს. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის გვერდზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილად, ხოლო ყაზახეთი ხელოვნურ სახელმწიფოდ იყო დასახელებული. ეს განცხადება ღამით გავრცელდა. პოსტში ასევე ეწერა, რომ უახლოეს მომავალში „სუვერენიტეტების აღლუმები აღარ იქნება“ და რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ყველა ერი „ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრულად და ურთიერთგაგებით“. „ამისთვის ჩვენ არ დავიშურებთ არც ძალას, არც საშუალებებს. კიევისა და მალოროსიის ტერიტორიების ნაციონალისტების ბანდებისგან გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი ისევ იქნება ერთიანი, ძლიერი და დაუმარცხებელი“, – ეწერა მედვედევის გვერდზე.

კრემლში განმარტეს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სოციალური ქსელი ჰაკერებმა გატეხეს და აღნიშნულ საქმეს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გამოიკვლევს.