მედიკამენტები დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის - მთავრობის გადაწყვეტილება
თითქმის ორთვიანი პროტესტის შემდეგ შეთანხმება მიღწეულია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვები წამლებს მიიღებენ. პრემიერთან რამდენიმე საათის წინ გამართული მეორე შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდა. მშობლები კმაყოფილები არიან. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციები შეწყდება, კვირას კი საპროტესტოს ნაცვლად მადლობის მარში გაიმართება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დაიწყება მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან წამლების შესაძენად. პირველ ეტაპზე განიხილება ორი მედიკამენტის შემოტანა, რომლებიც ევროპის ცალკეულ ქვეყნებში დაშვებულია. რაც შეეხება მშობლების მიერ მოთხოვნილ კიდევ ორ წამალს -მათ გარშემო განხილვები სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება. ბავშვების სიცოცხლე გადარჩენილია – ამ გზავნილით დატოვეს მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაცია. გენეტიკური დაავადებით საქართველოში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქციების პარალელურად, მანამდე ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად და შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტების გამოსარიცხად დამატებითი კვლევები და რეგულატორ ორგანოებთან განხილვები იყო საჭირო.