მედიაზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა სხვადასხვა მედიის საშუალების წარმომადგენლებმა დღეს რესპუბლიკის მოედანზე დავგმეთ. აქციები გაიმართა რეგიონებშიც. სოლიდარობის აქციები გუშინ გვიან ღამით მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში ვნახეთ. აქციაზე მთავარ მოთხოვნად მოძალადეების დასჯა და დროული გამოძიება დასახელდა.
28 ნოემბრიდან დღემდე, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში მედიის 15-მდე წარმომადგენელი გადაიყვანეს.