მედია სამიზნეში – ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება
მწვავე განცხადებების შემდეგ პირველი რეაგირება დიდი ბრიტანეთის მთავრობის რეზონანსულ გადაწყვეტილებაზე.
გაერთიანებული სამეფოს ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებებისთვის იყო დაბარებული. რა მასალებს და მტკიცებულებებს ეფუძნება „იმედის“ და „პოს-ტივის“ დასანქცირება – დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დრომდე დუმს საელჩო. თუ საგარეო უწყებას და მის პირველ პირს დავეყრდნობით, 40-წუთიან შეხვედრაზე დაისვა არაერთი კითხვა, თუმცა მტკიცებულებების ნაცვლად მხოლოდ შეფასებები მოისმინეს. საგარეო უწყება საელჩოსგან კონკრეტული მასალების მიწოდებას ისევ ელოდება. ქვეყნის პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ორი ქართული კერძო ტელეკომპანიის დასანქცირება თბილისიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ ელჩს ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ სკანდალურ მონაცემებზეც დაუსვეს შეკითხვები. კვლევის მიხედვით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა.