ნარკოტიკების მოხმარებით მიღებულ ზიანზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე ინფორმირებულობის დონის გასაზრდელად სკოლებში ახალი კამპანია იწყება. მოსწავლეებს შესაბამის ტრენინგებს ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მართლწესრიგის ოფიცრები ჩაუტარებენ. „მე მომავალში“ – ასე ჰქვია საინფორმაციო კამპანიას, რომელიც იმავე თემატიკაზე კონკურსების ჩატარებას და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. მიზანი ნარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებული საფრთხეების ჯერ კიდევ სრულწლოვან ასაკამდე გააზრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ქვეყანას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ნარკოტიკების მოხმარების შესამცირებლად ბოლო თვეებში კანონიც გამკაცრდა.