მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღე
33 წლის იუბილეზე ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღე აღინიშნა.
არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. ღონისძიება, პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ბრიგადაში არსებულ მემორიალთან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საარტილერიო ბრიგადამ სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ. ღონისძიების პარალელურად, პროექტის – „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალებაც ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.