მე-14 დღეა, უკანონო პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ოფიციალური თბილისისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, უკვე მე-14 დღეა, ოკუპაციური რეჟიმის ტყვეობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ოჯახის განცხადებით, მასთან ცხინვალის ციხეში უკვე იმყოფებოდა ადვოკატი, რომელიც ამ ეტაპზე საქმის მასალებს ეცნობა. გათავისუფლების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაში ჩართულია ევროკავშირის წარმომადგენლობა.

უკანონოდ გატაცებული ექიმის საკითხზე ისაუბრა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, გიგი წერეთელმა. ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე იყო პირველი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკურ საბჭოში განიხილა.

შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა უსაფრთხოების კომიტეტმა, ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ქართველმა ექიმმა ე.წ. საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რაც თბილისში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პროვოკაცია იყო.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა და მას მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა. დე ფაქტო რეჟიმის ცნობას კატეგორიულად უარყოფს ექიმის ოჯახიც.

 

დატოვე კომენტარი