ორშაბათს პარლამენტის შენობა მთავარი პოლიტიკური მოვლენის ადგილი იქნება.
25 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო პირველად უნდა შეიკრიბოს. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი არ დანიშნავს. სალომე ზურაბიშვილთან ერთად არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიციაც. ამიტომ ცარიელი იქნება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გამოყოფილი ადგილები. ბარიერგადალახული და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოთხი ოპოზიციური სუბიექტი, რომელსაც ჯამში 61 მანდატი აქვს, ახლად არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად აცხადებს. „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ახალი პარლამენტის მუშაობის დასაწყებად კი მინიმუმ 76 კანონმდებლის ყოფნაა საჭირო. პოლიტიკურ წრეებში ამ წუთამდე სადავოა ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ აქტორებს საარჩევნო შედეგების ბათილად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები აქვთ შეტანილი. უკვე ცნობილია, რომ პირველ სხდომაზე დარბაზში წარმოდგენილი არ იქნება დიპლომატიური კორპუსი.