მძიმე ღამის შემდეგ, კიევში ვითარება შედარებით დასტაბილურდა

მძიმე ღამის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მტრის შეტევებს იგერიებენ და ვითარებას აკონტროლებენ.

უკრაინის დედაქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. კიევში შეღწევას მტრის დივერსიული ჯგუფები ცდილობდნენ. საოკუპაციო ძალების ნაწილმა მოახერხა კიევის ცალკეული რაიონებისკენ გადაადგილება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მოხდა მათი განეიტრალება. მიუხედავად ამისა, დივერსიული ჯგუფების მოქმედების გამო, მოქალაქეებს ურჩევენ, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, მოერიდნონ ფანჯრებსა და აივნებს.

კიევის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა წუხანდელი ღამე კვლავ თავშესაფრებში გაათენა. კიევის ცენტრთან ახლოს ასეთ თავშესაფარში იმყოფებიან საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფებიც. რა ვითარებაა ახლა უკრაინის დედაქალაქში, რომელზეც რუსული საოკუპაციო ძალების შეტევა გრძელდება – პირდაპირ კავშირზე ლევან ახალაია და გიორგი კიკვაძე გამოდიან.