მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კლინიკების გადატვირთვისა და ყოველდღე ათასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად, ახალი შეზღუდვები ჯერ არ დაწესებულა. გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობა ბიზნესსექტორთან კონსულტაციებს გადის. წინა დღეებთან შედარებით, დღეს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ შედარებით დაიკლო და 3 128 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ გუშინ „პისიარ“ ტექნოლოგიით მხოლოდ 4 800-მდე ადამიანი დატესტეს. ქვეყანა დაავადების გავრცელების კრიზისულ ფაზაშია და ამ ფაზის გაგრძელებას ეპიდემიოლოგები დეკემბერშიც ვარაუდობენ.

დღითი-დღე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა,  ვინც კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობის მიუხედავად, ადგილების არ არსებობის გამო, საავადმყოფოში მკურნალობას ვერ ახერხებს. მძიმე ეპიდვითარების ფონზე ცნობილი ხდება, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის ინფრასტრუქტურის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულიდან იქნება. მანამდე კი, ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად ისევ პირბადე და სოციალური დისტანცია რჩება.