მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ ეტაპზე ყველაზე რთულია.

ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასს ცდება, „კოვიდ-19“-ით კი ჯამში გარდაცვლილია 6 128 პაციენტი. რაც შეეხება ბოლო 24 საათის მონაცემებს, ინფიცირებულია 2236 და გარდაცვლილია 44 ადამიანი.

ბოლო დღეებში, ქვეყანაში დომინანტი „დელტა“ შტამის აქტიური გავრცელებიდან გამომდინარე, სულ უფრო იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალია მხოლოდ 400-მდე საწოლი. მძიმე ეპიდ-სურათის გათვალისწინებით, ხვალიდან ღია სივრცეში, იქ სადაც ხუთი და მეტი ადამიანი შეიკრიბება, პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება. ასევე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგეგმება უკვე მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებაც.