მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან დაანონსების მიუხედავად, მწვანე საშვების ვადებზე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

შესაბამისად, კოვიდ-გადატანილებისთვის პასპორტის მოქმედება ისევ უვადოა, რაც მთელი ჯანდაცვის სექტორის უკმაყოფილებას იწვევს. ამ საკითხზე ექიმების პოზიციას რამდენიმე დღის წინ თავად მინისტრიც დაეთანხმა და პასპორტების უვადო მოქმედებით მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომა ისე დასრულდა, რომ არც მინისტრს და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ. ბრიფინგი მხოლოდ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გამართა, რომელსაც განმარტებების გაკეთება დასჭირდა იმ კითხვაზეც, ჰქონდა თუ არა დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირებას ადგილი.