მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება 

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ახალი შტამი საქართველოში ამ მომენტისთვის დაფიქსირებული არ არის.

მაღალი რისკებიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე ამზადებს იმ პროტოკოლს, რომლითაც ახალი შტამის გავრცელების პრევენცია უნდა მოხდეს. გარდა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პისიარ-კვლევაზე. იმის გამო, რომ ანტიგენის სწრაფი ტესტი შესაძლოა „ომიკრონის“ შტამს ვერ იჭერდეს, ყველა საეჭვო შემთხვევა მხოლოდ პისიარით შემოწმდება. ეპიდემიოლოგები „ომიკრონის“, როგორც რამდენიმე მუტაციის მქონე შტამის გაჩენას სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაციის მკვეთრად დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ. ახალი შტამის გავრცელების საფრთხის ფონზე ვაქცინაციისკენ მოწოდებები კიდევ უფრო აქტიურდება.