მძღოლებისა და ქვეითებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა
პარლამენტმა მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულე პირების მხრიდან ჩადენილ რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა. საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებები მესამე მოსმენით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფულადი სანქციები იზრდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი. ასევე, პასუხისმგებლობა დაწესდა სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. ცვლილებებით, ე. წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება ქვეითად მოსიარულე პირებისთვისაც, რაც საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობას, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფას გულისხმობს.
თითოეული სამართალდარღვევა, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გაზრდილ სანქციებს გულისხმობს.