მძევლების გათავისუფლების საქმე

კასპში მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის წარუდგენენ. ის ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დღის ბოლოსთვის მასთან ადვოკატი აპირებს შეხვედრას. უფლებადამცველი ამბობს, რომ ის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ადვოკატზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას სავალდებულო წესით დაენიშნა დამცველი. რაც შეეხება მომხდარს, ის ადვოკატთან არც ამის შესახებ საუბრობს. მისი ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ კასპის ქვის საამქროში მენაბდიშვილს წილი ჰქონდა, რომლის დათმობასაც კონკრეტული პირები აიძულებდნენ. მათივე ცნობით, მენაბდიშვილმა პოლიციასაც მიმართა, რაზეც ოფიციალური ინფორმაციით, მუქარის ფაქტზე დაიწყო ძიება.  გიორგი მენაბდიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ყოფილი თანამშრომელია. პოლიციის რიგები მან პირადი განცხადებით, 2018 წელს დატოვა. მენაბდიშვილმა ორი პირი გუშინ კასპში, ქვის საამქროში მძევლად აიყვანა. ის სანადირო თოფით იყო შეიარაღებული.