ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ლეჩხუმის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 ათასი ქვირითით დათევზიანდა. დათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ველური ბუნების სააგენტოს უფროსი და რაჭა ლეჩხუმის გუბერნატორი მონაწილეობდნენ. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებასა და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. 2026 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 ათასი ქვირითით მოხდება.