მაუწყებლისადმი ომბუდსმენის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე პარლამენტში ​იმსჯელეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იმ რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელეს, რომელიც სახალხო დამცველმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

ომბუდსმენის მიერ რეკომენდაციები 2016 წელს გაიცა, რომელიც ორ საკითხს – ეთნიკური უმცირესობების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასა და გენდერულ თანასწორობას ეხებოდა.

დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გატარებული რეფორმები სამეურვეო საბჭოს წევრმა, ირინა ფუტკარაძემ გააცნო. ფუტკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის რეკომენდაციები მაქსიმალურად შეასრულა, ვინაიდან მაუწყებლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა და სხვადასხვა გადაცემაში მათი ჩართულობა წარმოადგენს.